არის სახლი, ტყესთან და ტბასთან ახლოს… იქ პირველად შეგხვდი და მას შემდეგ ეს სულ ამ პირველ შეგრძნებებს ვეძებ. თითქოს, შემოდგომის დადგომასთან ერთად იღვიძებს მეტად შენთან ყოფნის სურვილი, თუმცა შენ ყოველთვის ჩემთან ხარ, მაგრამ მაინც თითქოს არმყოფნის…
მიწიერი სიყვარული ვერ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელსაც სულიერი სახლი სჭირდება — ის სახლი, სადაც სიმშვიდეა და სადაც უფალია.
ალბათ, მიწიერიც მომენატრება, მაგრამ მაინც ყოველთვის რაღაც მაკლია. რადგან ის, რაც მიწიერია, არასდროს არის სრულყოფილი. ამიტომ, ჩვენ სულ ვეძებთ, ვლამობთ შევსებას, თუმცა მხოლოდ ღვთიური სიყვარული გვაძლევს სიმშვიდეს.
აქ, მიწაზე, მუდმივად ვცდილობ სახლი ავაშენო, ჩემი სივრცე მოვიწყო, მაგრამ თუ უფალი საკუთარ თავში ვერ აღმოვაჩინე, მაინც ყოველთვის ახალ ძიებაში ვიქნები.
ყველგან ვეძებ საყდარს, მაგრამ სინამდვილეში ის ჩემი თავია.
სულიერი სიმშვიდე და ნამდვილი კავშირი მხოლოდ შიგნით, ჩემშია, და სანამ ამ კავშირს ვერ ვპოულობ, ყოველთვის რაღაც მაკლია.
ღმერთთან კავშირი არ არის ის, რაც უნდა ვეძებოთ გარეთ, ის ჩვენშია, ჩვენს შინაგან სამყაროში, და როდესაც ამას ვაცნობიერებ, მაშინ სახლი მხვდება იქ, სადაც ადრე მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი.
მატერიალური სამყარო დროებითია. აქ აშენებული სახლი აქვე დარჩება და დროთა განმავლობაში დაინგრევა და ნანგრევები მიწას მიუბრუნდება.
მხოლოდ ის, რაც საკუთარ თავში ვიპოვეთ, არის მუდმივი. ეს შინაგანი საყრდენი, ერთხელ ნაპოვნი, მუდამ ჩვენთან დარჩება.
სულიერი კავშირი ის არის, რაც დროში და სივრცეში არ იკარგება. ის ჩვენგან აღარასდროს გაქრება და ყველა განსაცდელში გაგვატარებს.
მხოლოდ საკუთარი თავის შინაგან სამყაროში ნაპოვნი სიმშვიდე და სულიერი საყრდენი გაგვაძლებინებს დროსა და ყველაფერს, რაც მის წიაღში იკარგება.
ჩემი სახლი ჩემს შიგნითაა.
სულიერი სიმშვიდე, რომელსაც გარეთ ვეძებდი, სინამდვილეში შიგნითაა, იქ, სადაც ნამდვილი საყრდენი და საყდარია.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად სამყაროში მუდმივად ვაშენებ, ვეძებ და ვიბრძვი, საბოლოოდ მხოლოდ საკუთარ თავში ვპოულობ იმას, რაც ნამდვილად მჭირდება.
ჩემი სახლი – ის, რაც მარადიულია და ყველაფერს უძლებს – ჩემს სულშია.
ტბა და ტყე საოცრად მენატრება. მათი სიმშვიდე და ჰარმონია ჩემი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. თუმცა, ვხვდები, რომ ის, რასაც გარეთ ვეძებ, ჩემს შიგნითაც არსებობს და სწორედ იქ ვპოულობ ნამდვილი მშვიდობის საყრდენს.
დატოვეთ კომენტარი