დღე31
შიში ხშირად ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ის სხვადასხვა ფორმით ვლინდება: ხან გარეგანი მიზეზები გვაწუხებს, როგორიცაა საზოგადოების შაბლონები, აღზრდა, ან სხვისი აზრი. ხან კი შიში ჩვენს სიღრმეებში ჩნდება — მომავლის გაურკვევლობა, ფინანსური მდგომარეობა, ან შიში, რომ ბედნიერება შეიძლება დროებითი იყოს.
ამ შიშებს აქვს ერთი საერთო — ისინი გონებაში ჩნდებიან, რადგან გულში მათ ადგილი არ აქვთ. გული ნდობის და სიყვარულის სიმბოლოა, და იქ, სადაც ნდობაა, შიში ვერ ბუდობს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს დროში ბევრს გულთან კავშირი დაკარგული აქვს. გული ხშირად მხოლოდ ფიზიკურ ორგანოდ აღიქმება, მისი სულიერი და ემოციური ფუნქციები დავიწყებას მისცემია.
როცა შიში გვიპყრობს, ეს ხშირად გამოიხატება როგორც რაღაც გარე მოვლენა, შესაძლოა სიტუაციური ან ასტროლოგიური მიზეზებით გამოწვეული. თუმცა არის შემთხვევები, როცა შიშის წყარო გაურკვეველია. ვგრძნობთ მის ზეგავლენას, მაგრამ არ ვიცით საიდან მოდის. მაშინ გვეჩვენება, თითქოს რაღაც შინაგანი ბარიერი გვკეტავს გზას, გვიშლის ხელს პიროვნულ ზრდაში.
ამიტომ შიშის დაძლევა გულისკენ დაბრუნებით ხდება. მაგალითად, როცა დილით შიშის გრძნობამ წამომიყვანა, იოგას ვარჯიში დავიწყე. მაშინ დავსვი კითხვა: “რისი მეშინია?” პასუხები მრავლად მოვიდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გავაცნობიერე — როცა შიშს გულით შევიგრძნობ, ის სხვა გრძნობად გარდაიქმნება. ეს სიტყვებით აღუწერელია, ეს უნდა იგრძნო. გული შიშს სხვანაირად ხედავს, ვიდრე გონება.
შიში და სიყვარული ერთად ვერ იარსებებს. შიში ყველაფერს ანადგურებს, კონტროლს ცდილობს, რადგან მას დაკარგვის ეშინია. შიში არის ეგოს საკვები. თუმცა, როცა გულიდან ვცხოვრობთ, ყველაფერი იცვლება. იოგა და პრაქტიკები, რომლებიც გულის ჩაკრაზეა მიმართული, მაძლევს საშუალებას, რომ გულმა უშიშრად და ნდობით იფუნქციონიროს.


დატოვეთ კომენტარი